არავინ დაგაჯეროთ, რომ სახელმწიფო არ იდგება თქვენ გვერდით – იონათამიშვილი ინსპექტორის თანამშრომლებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, რატი იონათამიშვილმა კანონპროექტის წარდგენა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისადმი მიმართვით დაიწყო,

„ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისადმი მიმართვით. ცხადია და ჩვენთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს ამ უწყებაში, რომელიც მაღალი კვალიფიკაციით ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და არავინ დაგაჯეროთ, რომ სახელმწიფო არ იდგება თქვენ გვერდით. ეს მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ.

გუშინ ფრაქციის თავმჯდომარემ გააკეთა კომენტარი, რომლითაც კატეგორიული რეკომენდაცია იქნება ჩვენი, რომ ამ ადამიანებს არათუ გაუგრძელდეთ სამუშაო პორობები, არამედ კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით იმუშაონ. ამას უზრუნველყოფს, ფაქტობრივად, ისიც, რომ ერთი უწყების ნაცვლად იქნება ორი უწყება, სადაც კიდევ უფრო ემატება გარკვეული რეგულაციები და ვალდებულებები. ამიტომ ცხადია, მათზე გამოცდილი კადრები არც არსებობს ჩვენს ქვეყანში და მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი სპეკულაცია გვესმის და ეს უნდა დავასრულოთ. არავინ დაგაჯეროთ რომ სახელმწიფო არ იდგება თქვენ გვერდით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.


კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა უნდა გაუქმდეს 2022 წლის 1 მარტიდან. 1 მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი, მის პირველი მოადგილე და მოადგილეები. 2022 წლის 1 მარტიდან უნდა შეწყდეს შრომითი ურთიერთობები და სამსახურიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები.