3,232 გრ MDMA-ის გასაღებისა და მარიხუანის ფლობის ბრალდებით პირს 10 წელი მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პირს, რომელმაც, გამოძიების პოზიციით, საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა 3,232 გრ MDMA.

გამოძიება აცხადებს იმასაც, რომ მსჯავრდებული თავის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა „გამომშრალ მარიხუანას”.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ-მ, 2019 წლის 7 და 11 დეკემბერს, უკანონოდ შეიძინა, შეინახა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3,232 გრ. ნარკოტიკული საშუალება მდმა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ის 2019 წლის 24 დეკემბერს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 273 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ სრულად ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.