3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია | ევროპელი სოციალისტები

პუბლიკა

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრებს მიაჩნიათ, რომ  თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივა 3+3 კავკასიის 3 ქვეყნის – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და   რუსეთის, თურქეთის, ირანის ერთობლივი რეგიონული თანამშრომლობის შესახებ უმნიშვნელოვანესია.

„აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობა უნდა იყოს ერთი უცილობელი დათქმით,  რომ რეგიონის  სახელმწიფოები უპირობოდ ცნობენ საქართველოს  ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვეობას და სახელმწიფოს სუვერენიტეტს.

შეთავაზება, რომელიც მივიღეთ, ნატოს წევრი – ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, ბევრის მთქმელია. იგი, თავისი მასშტაბით, რეგიონულ ინტერესებს სცდება და შეიძლება კარგ გამოცდილებად და საგზაო რუკად იქცეს სხვა რეგიონული პრობლემების გადასაჭრელადაც.  მსგავსი წინადადება, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში უპრეცედენტოა და იგი ყველა მონაწილემ შეიძლება თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.

ეს არის ინიციატივა, რომელიც ბევრწილად განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გონივრული, თამამი სამეზობლო პოლიტიკით და  ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პარტიის განცხადების მიხედვით, მთავრობამ ქვეყნის გადარჩენისთვის  პრაგმატულად უნდა იმოქმედოს.

„თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებთ, მსგავსი მომენტი შეიძლება მეტი აღარ დადგეს და  ქვეყანა  ყველაფრის მიღმა აღმოჩნდეს. ეს კი,  სახელმწიფოსთვის  საბოლოო დაღუპვა იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.