ვიფიქროთ, რომ რაღაც ფორმით დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში ვიყოთ, წითელი ხაზების დაცვით - ზალკალიანი 3+3 ფორმატზე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ე.წ. 3+3 ფორმატში (რუსეთი, თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) ქვეყნის მონაწილეობა რთული საკითხია, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო. ამაზე ქვეყნის პოზიცია იციან როგორც აშშ-სა და ევროკავშირში, ისე ამ შესაძლო თანამშრომლობის ფორმატში მონაწილე ქვეყნებმაც.

თუმცა, დავით ზალკალიანის თქმით, მას სურს საზოგადოებას ფიქრისთვის მიაწოდოს პოზიციაც, რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს რეგიონში მიმდინარე პროცესებს და „ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში მაინც უნდა ვიყოთ“.

„ამ ფორმატში ძალიან გაჭირდება მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

თუმცა, მე მინდა ასევე საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, წითელი ხაზი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ზალკალიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ახალ პროექტებში ჩართვა, რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლოა, საქართველომ თავისი როლი დაკარგოს.

„აუცილებელია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ვიყოთ ყველა ახალ, თუნდაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც შეიძლება, აცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს.

ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტი პოზიცია გვქონდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანის თქმით, საქართველომ ბოლო პერიოდში შეიძინა საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის ფუნქცია და შეძლო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაში პირველი ნაბიჯები გადაედგა. ქვეყანა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მეზობელ ქვეყნებს მოლაპარაკებისთვის თბილისის პლატფორმასაც სთავაზობს, ხოლო პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან გააჟღერა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივა.

მისი თქმით, საქართველოში შესაძლოა არ შედგეს მასშტაბური სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაგრამ საფუძველი ჩაეყაროს თუნდაც ინფრასტრუქტურულ თუ სხვა სახის პროექტებზე თანამშრომლობას, რომელიც რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.