„3+3-ში“ მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს - ზურაბ აბაშიძე

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 24 ნოემბერს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა (ონლაინ ფორმატში) რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გრიგორი კარასინთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა.

როგორ რელიზშია აღნიშნული, „რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს“.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები. ამასთანავე, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის უკანონო დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია. ხაზგასმით ითქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.