„გენდერული ნიშნით ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ | წილოსანი გენდერული საბჭოს გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

გენდერული საბჭოს წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე გენდერულმა საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა არ ყოფილა. ნინო წილოსანის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

განსხვავებული აზრი დააფიქსირა გენდერული საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა. როგორც ნაცვლიშვილმა „პუბლიკასთან“ განაცხადა, საბჭოს სხვა წევრებისგან განსხვავებით ის მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით ძალადობას.

„თითოეული და ინდივიდუალური შემთხვევა საჭიროებს უფრო მეტ სიღრმისეულ განხილვას და ეს ვერ იქნება განხილული მხოლოდ გენდერული ჭრილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამოგვევლინა თითოეულ ამ შემთხვევაში იყო თუ არა გენდერულად, სპეციალურად ქალის მიმართ მიმართული დისკრიმინაცია.

საბჭომ იმსჯელა ამ თემაზე, განსხვავებით სხვა საბჭოებისგან და ჩვენ დავადგინეთ, რომ მიზანმიმართულად ქალის მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

თუმცა მე ვისურვებდი, თითოეულ შემთხვევაში პარლამენტის ნებისმიერი წევრი, ეს იქნება ჩემი კოლეგა მმართველი გუნდიდან, თუ ოპოზიციიდან, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან აგრესიით, პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების განვითარების მნიშვნელობას და იმ მაგალითს ნუ მისცემენ პარლამენტში, რომელიც შემდგომ არ უნდათ საზოგადოებამ გადააკოპიროს“, – განაცხადა წილოსანმა.

დაზუსტებაზე, კონკრეტულად რომელი საქმე განიხილა საბჭომ, წილოსანი აცხადებს, რომ საუბარია თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებულ ინციდენტზე.

მისივე თქმით, გენდერულ საბჭოს არ აქვს რეგლამენტით ვალდებულება ამ საკითხის განხილვის, მაგრამ, რაკი ინციდენტის მონაწილე მხარე ქალი იყო, მიზანშეწონილად მიიჩნია, ემსჯელა საკითხზე.


18 ივლისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა. მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები მიიტანეს. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოდნენ, რასაც პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ძალის გამოყენებით ცდილობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას პარლამენტის ტრიბუნიდან მოშორებას, სადაც ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა კი თინა ბოკუჩავას ფოტო ჩამოართვა.