პროტესტის მეექვსე თვე - განათლების სამინისტროსთან პედაგოგების პროტესტი გრძელდება

პუბლიკა

უკვე მეექვსე თვეა დირექტორთა კონკურსის მონაწილე პედაგოგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პროტესტის მიზნით იკრიბებიან და მინისტრთან – გიორგი ამილახვართან შეხვედრას მოითხოვენ.

„ჩვენი პროტესტი გრძელდება, ჩვენ წარმოვადგენთ 60-ათასიან სასკოლო საზოგადოებას, ჩვენი პროტესტი არ დამათავრება, სანამ საკითხი არ გადაწყვდება დადებითად, სანამ არ დასრულდება ნეპოტიზმი, რომელსაც ამ ციტადელში მოკალათებული ადამიანები და არამარტო ისინი ხელმძღვანელობენ, სანამ სკოლებს არ ექნებათ ავტონომია, სანამ სკოლებში არ დაინიშნებიან პროფესიონალი ლიდერები, სანამ პედაგოგის ანაზღაურება არ იქნება მიღწეული…

კოლეგებს, დაშიებულ კოლეგებს მოვუწოდებთ დაძლიეთ ეს შიში, იმიტომ რომ საქმე ეხება ჩვენს მომავალს, დღეს საინიციატივო ჯგუფში მივირეთ გადაწყვეტილება მივმართოთ არასამთავრობო ორგანზიაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ორშაბათს 5 საათზე შევიკრიბოთ დენეპოტიზაციისთვის და განათლების სისტემის გადსარჩენად“,- თქვა საპროტეტსო აქციაზე დირექტორთა კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ფერაძემ.

22 ნოემბერს დირექტორთა კონკურსის ორი მონაწილე, დავით ფერაძე და მაია ეკალაძე, მინისტრის მოადგილეს თამარ მახარაშვილს შეხვდნენ. დავით ფერაძის თქმით, მინისტრის მოადგილეს დირექტორთა საინიციატივო ჯგუფის სახელით შეხვდნენ და შეხვედრაზე მათ დასვეს დირექტორთა კონკურსთან და ხელფასებთან დაკავშირებული კითხვები.

ივნისიდან მოყოლებული, დირექტორთა სერტიფიცირების მეორე ეტაპის (გასაუბრების) შედეგების გამოცხადების შემდეგ, სამინისტროსთან პერმანენტულად იმართება დირექტორთა კონკურსის იმ მონაწილეთა აქციები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უსამართლოდ ეთქვათ უარი კონკურსში მონაწილეობაზე.

სერტიფიცირების მეორე ეტაპი – გასაუბრება 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა. მათგან 26-მა „სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით სასამართლოში გააგრძელა დავა და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობა და მისი ხელახლა, სამართლიან გარემოში გამართვა მოითხოვა.

სერტიფიცირებული კანდიდატების სკოლებში წარდგენაზე სამინისტროს გადაწყვეტილებას უკმაყოფილების მეორე ტალღა მოჰყვა. 500-მდე სერტიფიცირებული კანდიდატი სამეურვეო საბჭოებისთვის არ წარუდგენიათ. სერტიფიცირებული დირექტორების ნაწილი გეგმავს, სასამართლოსაც მიმართოს.

რამდენიმე დღის წინ დირექტორთა კონკურსის მონაწილე, მაია ეკალაძემ, განათლების სამინისტროსთან მჯდომარე აქციის დაწყება დააანონსა. 

მისი თქმით, ადგილს იქამდე არ დატოვებს, სანამ მინისტრი გიორგი ამილახვარი შეხვედრას არ დანიშნავს.

დირექტორთა კონკურსზე კითხვები მინისტრს პარლამენტშიც დაუსვეს.

გიორგი ამილახვარი 28 ნოემბერს „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა პარლამენტის წინაშე. მინისტრმა განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილე ადამიანებს მისი წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა არაფერი უთქვამს როგორი იქნება უწყების რეაგირება იმ საკითხებზე, რომლებიც კონკურსის მონაწილეებს აწუხებთ.