„ქუჩაში ვდგავარ და ველოდები მინისტრის პასუხს“ | დირექტორთა კონკურსის მონაწილე ღამეს სამინისტროსთან გაათენებს

პუბლიკა

დირექტორთა კონკურსის მონაწილე, მაია ეკალაძე ღამეს განათლების სამინისტროსთან გაათენებს. მისი თქმით, ადგილს იქამდე არ დატოვებს, სანამ მინისტრი გიორგი ამილახვარი შეხვედრას არ დანიშნავს.

მან სამინისტროში განცხადებაც შეიტანა და ფოიეში ადგილის გამოყოფა ითხოვა, თუმცა „პუბლიკასთან“ საუბრისას ეკალაძე ამბობს, რომ სამინისტროსგან არანაირი უკუკავშირი არ მიუღია და ღამის ქუჩაში გათენება უწევს.

მაია ეკალაძე ივნისიდან, დირექტორთა სერტიფიცირების მეორე ეტაპის (გასაუბრების) შედეგების გამოცხადების შემდეგ, სამინისტროსთან პერმანენტულად მართავს აქციას, ითხოვს გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში გამართვას.

„განათლების სამინისტროსთან ვარ, არ ვაპირებ ამ ადგილიდან ფეხის მოცვლას, სანამ მინისტრი ამილახვარი არ დანიშნავს შეხვედრას. რასაკვირველია, მარტო ჩემთან შეხვედრას არ ვთავაზობ. დანიშნოს კონკრეტული რიცხვი. ჩვენ, მასწავლებლებს, 3 საათამდე გაკვეთილები გვაქვს სკოლაში, შესაბამისად, გაითვალისწინონ ესეც.

როცა მინისტრის მოადგილემ დანიშნა შეხვედრა, მე მომიწია გაკვეთილების გაცდენა და დამექვითა ხელფასი, ამიტომ კეთილი ინებონ და ისეთ დროს დანიშნონ შეხვედრა, როდესაც გაკვეთილები არ მექნება.

ხვალ დილის 8 საათზე წავალ სკოლაში, რომ ბავშვებს გაკვეთილი არ გაუცდეთ და შემდეგ ისევ აქ მოვალ. მე ჩემს სიტყვას უკან არ წავიღებ.

ვთხოვე რომ არ დაეკეტათ კარი და ფოიეში მაინც გამოეყოთ ჩემთვის ადგილი და დავლოდებოდი მინისტრის პასუხს, მაგრამ ეს არ შესრულდა, დამიკეტეს ფოიე. ქუჩაში ვდგავარ და ველოდები მინისტრის პასუხს. სამინისტროსგან არანაირი უკუკავშირი არ არის. „ღია“ არ არის სამინისტრო, ელემენტარულად არ შეუძლიათ კითხვებზე პასუხი“, – ამბობს მაია ეკალაძე.

 


ეკალაძე მინისტრთან შეხვედრას მე-6 თვეა ითხოვს. 22 ნოემბერს მაია ეკალაძეს და დავით ფერაძეს მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეს გადასცეს კონკურსთან დაკავშირებული კითხვები, თუმცა როგორი იქნება სამინისტროს რეაგირება უცნობია.

დირექტორთა კონკურსზე კითხვები მინისტრს პარლამენტშიც დაუსვეს.

გიორგი ამილახვარი 28 ნოემბერს „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა პარლამენტის წინაშე. მინისტრმა განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილე ადამიანებს მისი წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა არაფერი უთქვამს როგორ იქნება უწყების რეაგირება იმ საკითხებზე, რომლებიც კონკურსის მონაწილეებს აწუხებთ.

„აქ მკითხეს, რატომ არ ვხვდებით იმ 3-4 ადამიანს, ვინც თითქოს გარეთ აპროტესტებს – ორჯერ მეგობრებო, მე ვარ შენახვედრი და ორჯერ შეხვდნენ ჩემი მოადგილეები. რიტორიკულად ვაბრუნებ კითხვას – ეს ხალხი პოლიტიკურად ანგაჟირებულია? მე მგონია, რომ ის ხალხი ობიექტურად აპროტესტებს და თუ ობიექტურად აპროტესტებენ, თქვენ რატომ ხდით ამ საკითხს პოლიტიზებულებს. თვითონ არ ხდიან პოლიტიზებულს, თუ რამე პრობლემა მიაჩნიათ კონკურსში, რა უნდა ამის დასაბუთებას.“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.