კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა, – ამის შესახებ „პუბლიკას“ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ყოფილმა თანამშრომელმა, ბექა ბარამიძემ განუცხადა.
„რეორგანიზაციის ფარგლებში, რამდენიმე სამსახური ერთმანეთს შეერწყა. გაუქმდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, შესაბამისად, სამსახურის დატოვება მომიწია მეც“, – თქვა ბექა ბარამიძემ.
15 იანვარს სააგენტოს facebook-გვერდით გავრცელდა განცხადება, რომ სააგენტოში რეორგანიზაცია დასრულდა.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.
ვის უნდა მიმართოს მედიამ იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მისამართით შეკითხვები გაჩნდება? – ამ კითხვით „პუბლიკას“ სურდა სამინისტროსთან დაკავშირება, თუმცა კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ზარებს არ პასუხობს.
თვეების განმავლობაში „პუბლიკა“ სხვადასხვა საკითხზე კულტურის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა უწყების პრესსამსახური ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. გამოცემამ უწყებიდან სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუმცა შეკითხვებზე პასუხი არც ამ ფორმით მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მიხედვითა და საქართველოს კონსტიტუციით, უწყება ვალდებულია, ინფორმაცია გასცეს.