37 სამედიცინო დაწესებულება და რეგისტრაციის 3 გზა | გაბუნია „ფაიზერით" ვაქცინაციაზე

პუბლიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

„ფაიზერის“ ვაქცინის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, თუ ეს ადრე იყო მხოლოდ 7 დაწესებულებაში და სამ დიდ ქალაქში, ახლა „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 37 დაწესებულებაში ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ როგორც ვებგვერდის, ასევე ცხელი ხაზის – 15 22 საშუალებით, ასევე შესაძლებელი იქნება, რომ მოქალაქეები დასარეგისტრირებლად სამედიცინო დაწესებულებაშიც მივიდნენ.

„რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალის, ასევე ცხელი ხაზის, 15 22-ის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა ერთიანი რიგი დავიცვათ. შემდეგ ისევ შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეგისტრაციაც. მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება. ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა რიგი არ შეიქმნას და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის, რომლებმაც „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთეს, მალე დაიწყება მეორე დოზისთვის რეგისტრაცია და აღნიშნა, რომ მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ.

„ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა გასული კვირების განმავლობაში გაიკეთა, მათთვის რეგისტრაცია მალე დაიწყება და ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება, მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ. რაც შეეხება დოზების რაოდენობას, როგორც ხედავთ, ქვეყანაში შეუზღუდავი იქნება, კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.