38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული. სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს – გახარია

პუბლიკა

38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ინიციატივა – „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ განვითარდა ძალზედ წარმატებულად.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ როგორც ჩვენ დავპირდით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს ნიშნავს დაჩქარებულ, ეფექტურ და სახელმწიფოსთვის შედეგიან პრივატიზებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ინვესტიციების, ახალი ენერგიის ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა. მოგეხსენებათ, რომ კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა ისევე, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის“, – განაცხადა გახარიამ.

ეკონომიკის სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზაციო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ პრეზენტაცია 29 ნოემბერს გამართეს.

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს„ – კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული უძრავი ქონების ნუსხა. საპრივატიზაციოდ გამოტანილი 100 ობიექტის ნახვა შეგიძლიათ ამ რუკაზე.