შიმშილობა შეწყვიტა პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა

პუბლიკა

პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ შიმშილობას წყვეტს. მათ შიმშილობა 5 დღის წინ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყეს.

„ის მთავარი სანერვიულო და საზრუნავი საკითხი, რომელიც ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს, რაზეც ძალიან ვნერვიულობდით იმიტომ, რომ ეს ეხებოდა ჩვენი პარტიის ლიდერის და ასევე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ეს საკითხი ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას. პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ეს არის წარმატება და ეს წარმატება მოიტანა იმ პრინციპულობამ და იმ შემართებამ და შეუპოვრობამ, რაც მთელმა საზოგადოებამ, მთელმა საქართველომ გამოიჩინა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში..“,- განაცხადა ენმ-ის წევრმა აკო მინაშვილმა პარლამენტში.

პარლამენტის შენობაში შიმშილობდა ოპოზიციონერი 9 დეპუტატი – დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და აბდულა ისმაილოვი. მათ შიმშილობის შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომ იგი თანხმდებოდა შემოთავაზებას და გორის ჰოსპიტალში გადასვლის შემდეგ შეწყვეტს შიმშილობას.


დღეს პარლამენტში შიმშილობა შეწყვიტა კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. მან შიმშილობა, იმავე მოთხოვნით, 17 დღის წინ დაიწყო.