4 ახალი შემთხვევა დაგვემატა, 1 „საბურთალოს კლასტერიდან", 3 ტრაილერის მძღოლია - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დილას განახლებული მონაცემების შემდეგ ქვეყანას კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაემატა და ჯამში 800 Covid-დადებითი შემთხვევა გვაქვს. ამის შესახებ მან გადაცემაში „თავისუფალი ხედვა” განაცხადა.

მისი ცნობით, ერთი შემთხვევა უკავშირდება ე.წ. საბურთალოს კლასტერს, დანარჩელი 3 ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია. გამყრელიძის თქმით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანამ საზღვარზე ტესტირება გაამკაცრა.

„მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში, რაც ეს შეზღუდვები იყო, არასდროს შეჩერებულა სატვირთო გადაზიდვები, რადგან ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ჩვენ ბოლო ერთი კვირაა სერიოზულად გავამკაცრეთ ტესტირება საზღვრებზე. ყველა საზღვარზე ხდება მძღოლების ტესტირება, სწრაფი ტესტების, ანტისხეულებისა და ანტიგენების. რომელი შემთხვევაც საეჭვოა, ისინი გადადიან კარანტინში შემდეგ იტესტებიან ოქროს სტანდარტით – PCR-ის ტესტით. ასევე ყველა საზღვარზე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს მძღოლები არიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში, 400-მდე ასეთი მძღოლი გამოვიკვლიეთ და აქედან არის ეს სამი შემთხვევა. ისინი იყვნენ კარანტინში და (საფრთხეს არ წარმოადგენენ)“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.