4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას არ მივიღებთ - სიჭინავა

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საკრებულოებში პარტიის წარმომადგენლები დაესწრებიან სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში დღეს მონაწილეობას არ მიიღებენ.

„საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი მოქმედების პრინციპი დაფუძნებული იქნება ძალაუფლების დაბალანსებაზე.

„თქვენთვის უკვე ცნობილია ჩვენი გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოსთან დაკავშირებით, რომელიც მივიღეთ იქ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც ჩვენს პარტიას აქვს გადამწყვეტი ხმები, დღეს პირველ სხდომაზე საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატებად ჩვენს წარმომადგენლებს ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენ ასევე გვაქვს გადამწყვეტი ხმები – ზუგდიდში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში – დავესწრებით სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში დღეს მონაწილეობას არ მივიღებთ“, – „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ.

სიჭინავას განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ხმების საკმარისი რაოდენობა აქვთ, პარტია „საქართველოსთვის“ ფრაქციებს შექმნის. 

„სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც არ გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, გადამწყვეტი ხმები, თუმცა გვაქვს საკმარისი რაოდენობა, რომ დავასახელოთ საკრებულოების თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატები, ჩვენ დღესვე ახალარჩეული საკრებულოების პირველივე სხდომებზე წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოების თავმჯდომარეობისა და სხვა პოზიციების დასაკავებლად“, – განაცხადა სიჭნავამ.