„4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ დაკავებული წევრები დიღმის იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის 5-ვე წევრი დააკავა – პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
იზოლატორის დატოვების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთეს მანჯგალაძის და ნადირაძის ადვოკატებმა.
ადვოკატ ირაკლი აბესაძის განცხადებით, ირაკლი ნადირაძის პოზიციაა, რომ „მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში რუსი ავტორიტარული რეჟიმია, დამხობის ბრალდებით გასამართლება მისთვის პატივია.“
ადვოკატის შეფასებით, მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე მორიგი პოლიტიკური შოუა.
„დავეთანხმები ირაკლის და სასაცილოა, ვსაუბრობდეთ ხელისუფლების დამხობაზე, რომელმაც ეს ძალაუფლება დანაშაულებრივი გზით თავად მოიპოვა 2024 წლის არჩევნებზე“, – განაცხადა აბესაძემ.
პაატა მანჯგალაძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მანჯგალაძესთან მიმართებით „იმის არავითარი საფუძველიც არ არსებობს, რაც განაცხადეს“.
„ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსისაა, ისევე როგორც თვითონ ის პროცესები, რომელიც განვითარდა. ხელისუფლება არის პრორუსული და მოძალადე. შესაბამისად, მის წინააღმდეგ ღონისძიებები არის საქართველოს კონსტიტუციაში დაბრუნება“,- აღნიშნა ბასილაიამ.
ადვოკატმა მოინახულა პაატა ბურჭულაძეც.
„მხნედ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობითაც – შეძლებისდაგვარად. საქმის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან ბრალი არ არის წაყენებული“, – უთხრა ადვოკატმა TV პირველს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ ყველა წევრი – პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე.
პაატა ბურჭულაძე სამართალდამცველებმა კლინიკაში აიყვანეს, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე კი სპეცრაზმმა პარლამენტთან დააკავა.
მათ მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს.
პროკურატურას დაკავებულებისთვის ოფიციალური ბრალდება ჯერჯერობით არ წარუდგენია. ამისთვის უწყებას დაკავებიდან 48 საათი აქვს.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე შსს გამოძიებას 4 მუხლით აწარმოებს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, დაკავებულთა წრე გაფართოვდება.