4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 12 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღეს, 2 ივნისს გამართულ პროცესზე საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ განაცხადა, რომ ამ 12 ბრალდებულიდან 7 პირს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს და ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3 წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.
„მოცემულ ეტაპზე მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებს და ინანიებს 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული, სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მზაობა. შვიდივე ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება პირობით მსჯავრზე. უახლოეს მომავალში, საპროცესო შეთანხმების გაფორმირებისათანავე დატოვებს სხდომის დარბაზსს.
ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ბრალად წარდგენილი ქმედებები.“ – განაცხადა საქმის პროკურორმა.
ბრალდებულები არიან: აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერი და თემურ ქურციკიძე. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
12 პირიდან გათავისუფლდებიან შემდეგი პირები:
ალექსანდრე ხაბეიშვილი
ბექა ქელეხსაშვილი
გიორგი მუმლაძე
მამუკა ლაბუჩიძე
გურიელ ქარდავა
ავთანდილ სურმანიძე
თემურ ქურციკიძე.
საპროცესო შეთანხმებაზე ინფორმაცია „პუბლიკას“ ალექსანდრე ხაბეიშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმაც დაუდასტურა.
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულია 64 პირი. განხილვა სასამართლოში ხუთ ნაწილად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხუთი ჯგუფიდან განაჩენი მხოლოდ ათ პირიან საქმეზე გამოცხადდა. პაატა ბურჭულაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 7 წელი მიესაჯა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მურთაზ ზოდელავას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს – საბოლოოდ, 7 წელი მიესაჯა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს – 7 წელი მიესაჯა; ლაშა ბერიძეს – სასჯელის სახეთ განესაზღვრა 7 წელი; აქციის მონაწილეს, ნიკა გვენცაძეს – ჯამში 5 წელი მიესაჯა: ირაკლი ჩხვირკიას – 5 წელი მიესაჯა; გური ჟვანიას – 5 წელი მიესაჯა; თორნიკე მჭედლიშვილს – 5 წელი მიესაჯა; გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს კი დაუსწრებლად მიესაჯა 2 წელი;