4 შვილის დედა ამბობს, რომ მერიიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს

პუბლიკა

მარიამ კანდელაკი ამბობს, რომ თბილისის მერიიდან საპროტესტო აქცებში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს.

კანდელაკის თქმით, ის 8 წლის განმავლობაში თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში, მოქალაქეთა მომსახურების ოპერატორად მუშაობდა.

როგორც მარიამი „პუბლიკას” უყვება, დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე HR-მა დაურეკა და ტელეფონით აცნობა, რომ 17 მარტიდან მუშაობას ვერ გააგრძელებს. მისივე თქმით, ამის შესახებ არაფერი იცოდა მისმა უშუალო ხელმძღვანელმა.

მარიამ კანდელაკი ამბობს იმასაც, რომ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც თავად არის დასაქმებული, სააგენტოში დაახლოებით 50 ადამიანი მუშაობს, თუმცა, მხოლოდ ის გაათავისუფლეს.

ამასთან, მისი თქმით, სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეთა მაღალი მიმართვიანობის გამო კადრების დეფიციტია.

„ვმუშაობდი როგორც მერიის ფრონტში, ასევე, რამდენიმე რაიონულ გამგეობაში.

იმდენად ბევრი საქმეა და იმდენად ბევრი მოქალაქე მოგვმართავს, ნებისმიერ სერვისცენტრში სჭირდებათ ხოლმე კადრები და დამატებით ადამიანებიც მოყავთ სამუშაოდ. მაგალითად, ჩემი დეპარტამენტი მოიცავს ზონალური პარკირების სისტემასაც და ამ სისტემის კადრებს და კონსულტანტებს ხშირად უწევდათ ჩვენი დახმარება”. – გვეუბნება მარიამ კანდელაკი.

მარიამი იყო იმ განცხადების ხელმომწერი, რომელიც თბილისის მერიის თანამშრომლებმა გაავრცელეს მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. განცხადებით თანამშრომლებმა „ოცნების” გადაწყვეტილება დაგმეს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთგულება გამოხატეს.

მარიამ კანდელაკის თქმით, ის ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავდა თავის პოლიტიკურ პოზიციებს და ამის გამო მანამდე პრობლემა არ შექმნია.

„აქტიურად ვპოსტავი, დავდიოდი აქციაზე, ინტერვიუებსაც ვაძლევდი. სულ ვცდილობდი, მეჩვენებინა, რომ საჯარო მოხელეობა პარტიულობას არ ნიშნავს.

8 წლის განმავლობაში ჩემი უშუალო დეპარტამენტიდან პოლიტიკური ნიშნით განსჯა, გარჩევა ან ზეწოლა არ მიგრძვნია. არ მქონია შიში, რომ ჩემი პოზიციის გამო სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ.

მაგრამ განცხადება როცა გავავრცელეთ – ჯამში ხელმომწერი 240 ადამიანიდან მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან ხელმომწერი იყო ყველაზე მეტი – 76 ადამიანი და ბოლოს 45 დავრჩით. იყო მითითებები.

ჩვენს წინა ხელმძღვანელს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი მარგებაძეს შეუტანეს სია, ვინ უნდა გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. ის ძალიან კარგი პიროვნებაა. არც ერთი თანამშრომელი  არ გაათავისუფლა და თავად დატოვა სამსახური”. – ყვება მარიამ კანდელაკი.

მარიამს 4 შვილი ყავს, მათგან ერთი აუტისტური სპექტრის მქონეა.

„ამაზე სამსახური ინფორმირებული იყო. ერთხელ მერიამაც კი დამიფინანსა მისი მეტყველების თერაპიები. საბანკო ვალდებულებებიც საკმაოდ მაღალი მაქვს. თვეში 900 ლარს მხოლოდ თერაპიებზე ვიხდი. ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეს სამსახური ამ მიმართულებით. ჩემს ოჯახში ერთადერთი ვიყავი, ვისაც სტაბილური შემოსავალი ჰქონდა”. – ამბობს მარიამ კანდელაკი.

თბილისის მერიაში „პუბლიკას” უთხრეს, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ამაზე მერმაც არაერთხელ ისაუბრა.

2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებისა და მისი გაპროტესტების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა საჯარო სამსახურებიდან, მათ შორის თბილისის მერიიდან ათობით ადამიანი გაათავისუფლეს.

1 დეკემბერს მერმა და „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, კახა კალაძემ თქვა: „მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა“.

4 დეკემბერს კალაძე დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც EU-ში ინტეგრაციის შეჩერება გააპროტესტეს – განცხადებას მან „საბოტაჟი” უწოდა და თქვა, რომ „პასუხგაუცემელი არ დარჩება”.