4 თებერვალს პარლამენტის შენობაში, სადაც „ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მოხსენებით წარდგება, უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. მათ შორის, შესვლა ეზღუდება ონლაინმედიას.
„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხვალ, „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგაზაფხულო სესია „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე“ „ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ყაველაშვილის მოხსენების შემდეგ, სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა.
რეგლამენტით, ამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია.