40 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მისი კვდომის პროცესი მოდის, მოდის, მოდის - ქადაგიშვილი

პუბლიკა

„დაახლოებით 40 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მისი კვდომის პროცესი მოდის, მოდის, მოდის…”, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მას მიაჩნია, რომ პროფესიონალი ექიმების მიერ ნათქვამი არცერთი კონკრეტული არგუმენტი არ ვიცით, რაც მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულება კვალიფიციურ და დროულ დახმარებას ვერ გასწევს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მისი შიმშილობა აბსოლუტურად სხვა ფორმით მიმდინარეობდა და ის საკვებს იღებდა. აქედან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ სტაბილური იყო და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა. სააკაშვილის ჯანმრთელობა საბაბად მოაქვთ. მთავარი მიზანია, რომ მსჯავრდებული და განსასჯელი რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან. ჯანმრთელობაზე აპელირება მხოლოდ ამას ემსახურება“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილის კომენტარის წერილობით ვერსიას imedinews.ge ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს. ის საქალაქო სასამართლოში გადაყვანას ითხოვს. გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობის შეწყვეტას გეგმავს. სააკაშვილის საქალაქო სასამართლოში გადაყვანის მოთხოვნით მე-13 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია. იმავე მოთხოვნით, გუშინ პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო 9 დეპუტატმა.