40-ზე მეტი არასამათავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების ისეთ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაზე.

„ხაზგასასმელია, რომ ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მე-7 რეკომენდაციას პირდაპირ უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. ამ კუთხით, რეკომენდაცია მოითხოვს, უფრო მეტი ძალისხმევა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურიც მედიის მფლობელების მიმართ აღძრულ სისხლის სამართალწარმოების უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამ მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი ნაბიჯია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად”, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პრეზიდენტს, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე, მოუწოდებენ უზენაეს სასამართლოს, დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.