მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.

საპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლულარისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“,- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.