410 სხვადასხვა სახის თაიგული და 50 ცალი ტიტა - ყაველაშვილის ადმინისტრაციამ 64 300-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ ყვავილების თაიგულების, კომპოზიციებისა და გვირგვინების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა და ხელშეკრულების გაფორმებიდან – მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 64 300 ლარის დახარჯვას გეგმავს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით, განსაზღვრულ პერიოდში მიმწოდებელმა შემსყიდველს, საერთო ჯამში 410 სხვადასხვა სახის თაიგული და 50 ცალი ყვავილი ტიტა უნდა მიაწოდოს.

დოკუმენტის თანახმად, თაიგულები სხვადასხვა სახის, ფორმისა და ზომისაა – მისართმევი თაიგულები, სარიტუალო თუ ჩვეულებრივი გვირგვინები, საახალწლო/საშობაო კომპოზიცია, ყვავილების კომპოზიცია კოქტეილის მაგიდისთვის, ყვავილების კომპოზიცია ტრიბუნის ქვეშ, ყვავილების კომპოზიცია ფურშეტისთვის და სხვა.

ტენდერი გუშინ, 21 თებერვალს გამოცხადდა – წინადადებების მიღება 3 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება.