ლევან ვარშალომიძე თუ დეპუტატი იყო, არც ვიცოდი | ზარქუა ენმ-ის წევრების მანდატების დატოვებაზე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ენმ-ის წევრი ლევან ვარშალომიძე თუ დეპუტატი იყო, არ იცოდა.  ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

გუშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ენმ-ის წევრების მხრიდან მანდატების დატოვება დიდი დანაკლისი არ იქნება პარლამენტისთვის.

„სიმართლე გითხრათ, ლევან ვარშალომიძე თუ დეპუტატი და ჩვენი კოლეგა იყო, არც ვიცოდი, არც დადიოდა. როგორც მოსული არ გვინახავს, ალბათ, წასვლაც ჩუმად მოხდება,

რაც შეეხება ნონა მამულაშვილს, ანი წითლიძეს, მგონი, ამ გოგოების, ჩემი კოლეგა ქალბატონების სამუშაო ადგილი პარლამენტი რომ არ იყო, თავად ვერ გაიაზრეს. მათი მხრიდან არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ყოფილა.

ნონა მამულაშვილმა თავი დაგვამახსოვრა ჯერ სხდომათა დარბაზში საბჭოთა ჰიმნის ჩართვით, შემდეგ მაგიდაზე ავიდა, ჩამოვსვი და ამისთვის ჯვარს მაცვეს. ანი წითლიძე დადიოდა, თუ არა არც მახსოვს. არ მგონია, რომ ამ ადამიანების წასვლა პარლამენტისთვის დიდი დანაკლისი იყოს და დიდი ტრაგედია“, – განuცხადა ზარქუამ საზოგადეობრივ მაუწყებელs.


31 ოქტომბერს, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს. მომდევნო დღეს მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმა, ანი წითლიძემ და ლევან ვარშალომიძემ. ასევე „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

1 ნოემბერს ასევე წერილი გაავრცელა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი  და არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა. სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას გამარჯვება წაართვა და მოქალაქეებმა ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა იბრძოლონ.