ჩემი რჩევაა, ყველამ დატოვოს პარლამენტი, გვაქვს ქუჩის პროტესტის ლეგიტიმაცია - სააკაშვილი

პუბლიკა

რუსთავში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. სააკაშვილი წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა წერს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას გამარჯვება წაართვა და მოქალაქეებმა ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა იბრძოლონ.

„მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი. ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა იყოს გაბრაზებული და შეურაცხყოფილი. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში. ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი.

რა უნდა ვქნათ? მხოლოდ ერთი – ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ. წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე“, – წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ასე მოიქცა ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი უჭერდა მხარს. იქ უფრო და უფრო მეტი ხალხი გამოდიოდა ქუჩებში, სანამ ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები არ დანიშნა. სააკაშვილის თქმით, მოქალაქეთა პროტესტმა შედეგი გამოიღო უკრაინაშიც, სადაც იანუკოვიჩი დამარცხდა. სააკაშვილი წერს, რომ საქართველოს მოქალაქეებმაც ასე უნდა იბრძოლონ ვადამდელი არჩევნებისთვის.

„ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ, ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც.

ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა. უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე“, – წერს სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ყველაფრის გასაჩივრებაც, რადგან „ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში და არც ვარდების რევოლუციის დროს“. თუმცა ახლა ოპოზიციას და ხალხს აქვს სრული ლეგიტიმაციაც ქუჩის პროტესტისათვის.

„ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ ბატონი მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი, მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას.

ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას.

ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.

ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლისა და უბრალოდ პატრიოტებისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში. მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ დატოვონ საკუთარ თავთან მარტო“, – წერს სააკაშვილი.