„ისე უმოწყალოდ მირტყამდნენ... ჟურნალისტი ყვიროდა, მოკლესო“ - რას ჰყვება 5 ივლისს დაშავებული ოპერატორი

პუბლიკა

„ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი კი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო“, – ეს სიტყვები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს დაშავებულმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორმა ილიკო თვალიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

თვალიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში თავისი და თავისი კოლეგების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დაიკითხა.

თვალიაშვილმა დეტალურად გაიხსენა 5 ივლისი – დღე, როცა მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, სრულიად უმიზეზოდ, უმოწყალოდ გაუსწორდნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, რომ არა პოლიცია, მას იქ მოკლავდნენ.

„არცერთ მათგანს არ ვიცნობ, არცერთი მათგანი ცხოვრებაში არ მინახავს, არცერთი მათგანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ფიზიკურად ვერ მივაყენებდი შეურაცხყოფას, ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადიოდა, ეს რომ ასე ყოფილიყო, ამის დამტკიცებაც მარტივად შეიძლება.

ძირს დამაგდეს და რამდენი ადამიანი მისწორდებოდა, ვერ გეტყვით, ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი – ტანზე და ზოგი კიდევ, თვალებს მთხრიდა. მას შემდეგ 7 თვე გავიდა და ამ დრომდე ვმკურნალობ, წამლები დამაქვს ჩანთით.

დავარდნამდე, დავარდნის შემდეგაც, ვიდრე „ლაივუ“ და კამერა დაზიანდებოდა, მანამდე თითოეული კადრია გადაღებული, თუ როგორ მისწორდებოდნენ, შეიძლება, თითოეული მათგანი იყოს იმ კადრში მოქცეული, ვინც იქ იყო, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

გარდა იმისა, რომ მე დავშავდი, კამერა ბოლომდე განადგურდა. იყო დალეწილი და გაუბედურებული. არავის სურვილი არ გასჩენია, რომ აენაზღაურებინა. ჩემთანაც კი არავინ მოსულა, ბოდიში არავის მოუხდია და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით არ დაინტერესებულა. ახლა თვეში ერთხელ მაინც მიწევს ექიმთან მისვლა.

მეუღლე იმ პერიოდში იყო ორსული, დღე-დღეზე ველოდებოდით ბავშვს. პოლიციამ რომ გამიყვანა, მანქანაში როგორ ჩამსვეს, არ მახსოვს, პოლიციის მანქანაში გონზე მოვედი და რაციაში წივილ-კივილის ხმა ისმოდა, ჩემი ჟურნალისტი ყვიროდა ოპერატორი მომიკლეს, რაღაც ტერიტორიას უთითებდა, იქ გდია ჩემი ოპერატორი, მკვდარი არის და მიშველეთო.

ოღონდ, ეს ჩვეულებრივი ადამიანის ყვირილი არ იყო, ეს შეგიძლიათ, ნახოთ. წარმოიდგინეთ, ჩემი ორსული მეუღლე ამ ყველაფერს რომ უსმენდა, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნებოდა.

პოლიციას რომ იქიდან არ გავეყვანე, ეს ადამიანები ისე მცემდნენ და ისე მომკლავდნენ, ქალბატონო მოსამართლევ, დამიჯერეთ, ვერცერთი ვერ გაიგებდა, რომ მკვდარი ვიყავი, ისე უმოწყალოდ მირტყამდნენ. ერთი რაც მახსოვს, თავში მომხვდა ძლიერად, ასფალტზე დავარტყი თავი, მერე აღარაფერი მახსოვს“, – განაცხადა თვალიაშვილმა.

დაზარალებული ოპერატორის თქმით, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ის სამსახურებრივ მოვალეობას ვეღარ ასრულებს.

„ტელევიზიაში ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ, რადგან ჩემ დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მეხსიერებაზე მაქვს პრობლემა, მავიწყდება რაღაცები. ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო. სათვალე მანამდე არასდროს მკეთებია, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ.

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. ის ილიკო თვალიაშვილი აღარ ვარ, ვინც ვიყავი, რადგან ვერაფერს ვაკეთებ, მირჩევნია, სახლში მშვიდად, წყნარად ვიყო, რათა საკუთარ თავს გავუფრთხილდე. რაც შეეხება სამსახურს, პრაქტიკულად, ფუნქცია მაქვს დაკარგული, მაქსიმუმ შეიძლება, „ლაივჩართვა“ გავაკეთო, კამერა შტატივზე დავდგა, ჩავრთო, გავთიშო“, – განაცხადა თვალიაშვილმა.

მისივე თქმით, იმ დღეს განხორციელებული ძალადობის შედეგად 35 000 ლარის ღირებულების ტექნიკა დაზიანდა. თვალიაშვილის თქმით, მას უდანაშაულო ადამიანების დასჯა არ სურს, თუმცა, ვინც მის ეპიზოდზეა ბრალდებული, კანონის უმკაცრესი ზომით დასჯას ითხოვს, რათა ჟურნალისტების მიმართ მსგავსი ქმედებები აღარასდროს განმეორდეს. როგორც ოპერატორმა აღნიშნა, მსგავსი რამ, რაც მან 5 ივლისს ნახა, არც 7 ნოემბრის და არც 26 მაისის აქციებზე არ უნახავს.


5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.