„5 ბავშვი დღე-დღეზე დაიწყებს წამლის მიღებას“ - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები

პუბლიკა

„ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში. დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ „ვოზორიტიდით“ და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი“, – ინფორმაციას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, 5 ბავშვი უახლოეს დღეებში დაიწყებს წამლის მიღებას.

26 ივლისს იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა.

მიმდინარე წელს პირველ ეტაპზე 5-6 ბავშვის მკურნალობა განისაზღვრა.

„გერმანელი ექსპერტისგან პროტოკოლმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღო, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ასეთი კარგი, დეტალური და ინფორმატიული პროტოკოლი ამ დაავადებასთან დაკავშირებით, დღეს მსოფლიოში არ არის. მედიკამენტს [ვოსორიტიდი] გააჩნია გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს ექიმის მეთვალყურეობა და სამედიცინო ჩარევაც კი, ამიტომ საქართველოში ერთი კლინიკა შეირჩა, ეს არის იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.