5 დეპუტატი პაპუაშვილს მიმართავს, „ხალხის ძალის“ ჯგუფს სასესიო დარბაზში ადგილი შეუცვალოს

პუბლიკა

თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ტარიელ ნაკაიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ თხოვნით, „ხალხის ძალის“ დეპუტატებს სასესიო დარბაზში ადგილი შეუცვალოს.

დეპუტატები განმარტავენ, რომ მათი მხრიდან ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის, რასაც დღეს ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

ტარიელ ნაკაიძეს ვიქტორ ჯაფარიძემ მიკროფონი ჩაარტყა, მიკროფონი ესროლა მას „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც.

„ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის ფლანგზე სხედან საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრები. აღნიშნული ჯგუფის მხრიდან 2023 წლის 21-22 მარტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი ხასიათის რეპლიკები და დღეს, 22 მარტს ეს ყოველივე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, კერძოდ, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძის მხრიდან. ბატონო შალვა, ვინაიდან „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არის მუდმივი დაპირისპირების კერა, გთხოვთ, მიიღეთ შესაბამისი ზომები და აღნიშნულ დეპუტატთა ჯგუფს შეუცვალეთ ადგილი სასესიო დარბაზში“, – ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ხალხის ძალის“ მიერ ოპოზიციონერების მისამართით აგენტის გამოყენებას მოჰყვა, უმრავლესობის დეპუტატები კი ამბობენ, რომ ოპოზიციონერებმა მათ მოღალატეები უწოდეს.