თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოცხადდა.
მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები ბრალად წარდგენილი მუხლების ნაწილში დამნაშავედ იქნენ ცნობილი, ნაწილის ბრალდება ძალადობად და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებად გადაკვალიფიცირდა. ისინი გამართლდნენ სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილში, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობდა.
ეპიზოდს 10-მდე ბრალდებული ჰყავდა, მათ შორის – პირი, რომელიც მოპედით ფანტავდა ჟურნალისტებს ზაზა ჭაავა (1 წლით პატიმრობა); მურად დევდარიშვილი( 1 წლით); თედო ბურდული(3 წლით); გიორგი მაღრაძე(1 წლით და 3 თვით); გენო გერმანიშვილი(3 წლით); გიორგი ხეჩუაშვილი(3 წლით); გიორგი წარუაშვილი(1 წლით და 3 თვით); სასჯელის მოხდა აითვლება მათი დაკავების დღიდან.
საქმე მოიცავდა მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის, ე.წ. „მოპედის ეპიზოდში“ დაზარალებულების, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორ ილია თვალიაშვილის, „ფორმულას“ ფოტოგრაფ ვახო ქარელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
ბრალდებულები ჯგუფურ ძალადობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
ბრალდების მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დღეს განაჩენი გამოცხადა საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე. განაჩენი გამოცხადდება მესამე ეპიზოდზეც, მათ შორის, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერტორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე.
სასამართლო სხდომების პარალელურად ეზოში ბრალდებულების მხარდასაჭერად ძალადობრივი ჯგუფების წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მობილიზებულია პოლიციაც.
იმავე ლოკაციაზე 3 საათზე მედიის წარმომადგენლების აქციაცაა დაგეგმილი.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.
დაკავებულ პირებს ბრალდება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და დევნის მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი.