5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის საქმეზე შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, „5 ივლისის მოვლენების” დროს ტელეკომპანიების „მთავარის”, „ფორმულასა” და „TV პირველის”, ასევე On.ge-ს  დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავენ.

ორგანიზაციის განმარტებით, სარჩელი მიმართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის სათანადო პირობები.

„საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, სწორედ, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაიცვას მოქალაქეების,  მათ შორის მედიის წარმომადგენლები, ხოლო მისი შეუსრულებლობისათვის სათანადოდ აგოს პასუხი. ზუსტად ამიტომ, სახელმწიფოს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნული ფუნქციის  შეუსრულებლობის გამო, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ახლო მომავალში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს სასამართლოს იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც ტელეკომპანიებს 5 ივლისის თავდასხმების დროს ტექნიკის განადგურების გამო მიადგათ.