5 ივლისს პოლიციას უწევდა მობილიზება ერთდროულად რამდენიმე ადგილას - შსს განმარტავს, რატომ ვერ აღკვეთეს ძალადობა დროულად

პუბლიკა

5 და 6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა და 2 დღის მოვლენების ქრონოლოგია მიმოიხილა.

მინისტრის მოადგილემ გაიხსენა როგორ იგეგმებოდა პრაიდის კვირეული საინიციატივო ჯგუფთან ერთად, როგორ დაიცვეს უსაფრთხოების ნორმები 1 და 3 ივლისის ღონისძიებებზე და შეეცადა განემარტა, რა მოხდა 5 ივლისს, რატომ დაშავდა 55 ადამიანი.

დარახველიძე აცხადებს, რომ დილის საათებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მობილიზებული იყვნენ რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების სარეზერვო ძალები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული მითითების შესაბამისად ჩაერთვებოდნენ ღონისძიებაში. ჯამში, 5 ივლისის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნაში იმყოფებოდა 3200- მდე პოლიციის თანამშრომელი.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ წინასწარ ზუსტი დრო და ლოკაცია არ იყო ცნობილი, საიდან დაიწყებოდა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ღირსების მარში, ამიტომ პოლიციის ჯგუფები გადანაწილდა სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც განლაგებულები იყვნენ მოწინააღმდეგეთა ჯგუფები. კერძოდ: რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, დედაენის პარკი, 9 აპრილის ბაღი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია და სხვა ადგილები. ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ მხოლოდ მარშის გამართვის მოწინააღმდეგე ჯგუფები. დარახველიძის თქმით, პოლიციის სპეციალური კორდონების განლაგების აუცილებლობა არ არსებობდა.

მინისტრის მოადგილის მტკიცებით, მას შემდეგ რაც ძალადობრივმა ჯგუფებმა კარვების დაშლა და აგრესიული ქმედებები დაიწყეს, ადგილზე მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების მობილიზება, სიტუაციის განეიტრალება და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა.

„პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოულოდნელად დაიძრნენ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან, რომელიც რამდენიმე მეტრშია პარლამენტის შენობიდან. სადაც წინასწარ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა დემონსტრანტთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე დამატებითი ჯგუფების მოსვლამდე ვერ მოხერხდა „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში შეჭრის პრევენცია. ინფორმაციის მიღების პარალელურად, მობილიზდა დამატებითი საპოლიციო ძალები, სიტუაციის განეიტრალება, ოფისის დაცვა და ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად არ მომხდარა სირცხვილიას ოფისში დემონსტრანტების შეჭრა.

აღნიშნულის პარალელურად, თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ხდებოდა კონტრაქციის მონაწილეთა არაორგანიზებული და ქაოტური გადაადგილება, რის შესაბამისადაც, საპოლიციო ძალებს უწევდათ სამართალდამცავთა მობილიზება ერთდროულად რამდენიმე ადგილას.

მათ შორის: აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიკრიბნენ „მრგვალ ბაღთან“ მდებარე გაეროს სახლთან, ნაწილი აქტივისტებისა გაემართა თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ,,თბილისი პრაიდი”-ს ოფისისკენ, სადაც შენობის გარე-პერიმეტრიდან აქციის მონაწილეებმა მოახდინეს ოფისში შესვლა და ადგილზე არსებული ნივთებისა და ინვენტარის დაზიანება.

პოლიციის მხრიდან ინფორმაციის მიღებისთანავე, მოხდა დამატებითი ძალების გაგზავნა აღნიშნულ მისამართზე და აგრესიული ჯგუფების ქმედებები მათი მისვლის შემდეგ დროულად აღიკვეთა.

ასევე, აგრესიულ ჯგუფის წევრებისათვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოსთვის” ოფისში იმყოფებოდნენ თბილისი პრაიდის წევრები და მათი მხარდამჭერი პირები, რის გამოც რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წევრებმა მოახდინეს მობილიზება.

როგორც აქციის მონაწილეთა გადაადგილების მარშუტის ანალიზით, ასევე სამინისტროს თანამშრომელთა პირადი კომუნიკაციის შედეგად, იყო საფრთხე სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისებზე თავდასხმის. მათ შორის, ევროკავშირის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაცია WISG-ის, თანასწორობის მოძრაობის, სადაც უწყებას უწევდა მიმდინარე რეჟიმში პოლიციელთა საკმარისი რაოდენობის გაგზავნა, ოფისში მყოფი პირების უსაფრთხოდ გამოყვანის ან შენობის დაცვის მიზნით. პრევენციის მიზნით, საპოლიციო ძალების მობილიზებული იყო სხვადასხვა ტელეკომპანიების ოფისებთან.

ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში, პარკებში პოლიცია ცოცხალი ძალით მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა შეკრებაში მონაწილე პირების შეკავებას, რომელთა აგრესია მიმართული იყო ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ“, – განმარტავს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, 6 ივლისს აქციას 3000 პოლიციელი იცავდა. ამ დღეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 100 ადამიანიდან 32 რჩება იზოლატორში, სისხლის სამართლის წესით კი დაკავებულია 2 პირი. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სამმა სამართალდამცველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 7 პირი და გრძელდება გამოძიება. ასევე იძიებენ „პრაიდის“, „უფლებების საქართველოს“ და „სირცხვილიას“ ოფისების დარბევას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.