5 ივლისს ქაშვეთის ეზოში პარაკლისი მერიის უზრუნველყოფილი ტექნიკით იმართებოდა

პუბლიკა

„პუბლიკის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისს თბილისში გასამართი ღონისძიების შესახებ თბილისის მერიას, „თბილისი პრაიდის“ გარდა, საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობამ – „დავითიანნმაც“ მიმართა.

საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობის მიერ კახა კალაძის სახელზე დაწერილ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „5 ივლისს ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე აღევლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რომელსაც დაესწრება ათასობით ჩვენი მოქალაქე და მორწმუნე“. ამიტომ „დავითიანნი“ მერიისგან ხმის საკონცერტო აპარატურას ითხოვდა.

„აღნიშნული ღონისძიების უზრუნველსაყოფად დაგვჭირდება გახმოვანების საკონცერტო აპარატით მომსახურება: 25 კვტ. სიმძლავრის გახმოვანების საკონცერტო აპარატით მომსახურება „დიდი კონცერტი“ – 3 კომპლექტი. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს აღნიშნული რესურსით უზრუნველყოფა“, – ვკითხულობთ „დავითიანნის“ განცხადებაში.

„პუბლიკამ“ თბილისის მერიას ჰკითხა, დააკმაყოფილა თუ არა „დავითიანნის“ მოთხოვნა, რაზეც პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ 5 ივლისის ღონისძიებისთვის ხმის ტექნიკა და ელექტროენერგია მერიამ უზრუნველყო. მათივე თქმით, მერიის ტექნიკა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოყენებული არ ყოფილა. მერიის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ მსგავსი რესურსით სხვა აპოლიტიკურ ღონისძიებებსაც ეხმარებიან.

„დავითიანნის“ წარმომადგენელი „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ მერიის მიერ უზრუნველყოფილი ტექნიკა მხოლოდ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში გამოიყენეს.

ცნობისთვის, 5 ივლისის პარაკლისი საქართველოს საპატრიარქომ „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ „ღირსების მარშს“ დაამთხვია და მოქალაქეებს „ღირსების დაცვის“ სახელით ქაშვეთში შეკრებისკენ მოუწოდა.

„5 ივლისს, 17 საათზე შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ. გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს 3 ივლისის განცხადებაში, რომელიც 5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით გაავრცელეს.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ დილიდან ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილიყვნენ. 5 ივლისის დილას ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა რამდენიმე წუთში „ალტ-ინფოს“ ლიდერის, ზურაბ მახარაძის მოწოდების შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, დაარბიეს პარლამენტთან გაშლილი კარვები და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს.