5 ივლისს უმრავლესობამ იძალადა უმცირესობაზე? ის ხალხი უმრავლესობა იყო? - მდინარაძე ჟურნალისტს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც 5 ივლისს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს და იძალადეს, არ წარმოადგენდნენ უმრავლესობას და ეს არ იყო უმრავლესობის ძალადობა უმცირესობაზე.

მდინარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა – როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს ჩვენ არ დავუშვებთ უმცირესობების უმრავლესობაზე ძალადობას, რა ხდება მაშინ, როდესაც უმრავლესობა ძალადობს უმცირესობაზე, გვინახავს პირიქით ფაქტები, მაგალითად, რაც მოხდა 5 ივლისს?

„პირიქით ფაქტები სად გინახავთ? 5 ივლისს უმრავლესობამ იძალადა უმცირესობაზე?“ – დაუბრუნა შეკითხვა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს.

„ვინც 5 ივლისს კონკრეტული ძალადობა ჩაიდინა და იძალადა, უმრავლესობას წარმოადგენდა?  ის ხალხი, ვინც კონკრეტულ ადამიანებზე იძალადა უმრავლესობა იყო?

უმცირესობაზე ძალადობა მთელ მსოფლიოშია, ისევე, როგორც პირიქითაც.  როდესაც არაჯანსაღ პროპაგანდაზეა საუბარი, აქ ვსაუბრობ გამოხატვის ფორმებზე, აბსოლუტურად სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე. ეს თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა”, – თქვა მამუკა მდინარაძე.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას და ასევე არ დაუშვებს ძალადობას უმრავლესობაზე. „როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე, ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


2021 წლის 5-6 ივლისს ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ შეიკრიბნენ. ამ მოვლენების დროს თავს ათობით ჟურნალისტს დაესხნენ. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.