მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე, ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა ქალია, მამა კი – კაცი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერ – მინისტრის სიტყვით გამოსვლა ჰომოფობიური და ტრანსფობიური შინაარსით გამოირჩეოდა.

„ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმნაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი  ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა ქალია, მამა კი – კაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომლის შედეგადაც ჩვენმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია.

…ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ  მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური ყრილობაა.