5 ივლისს IPN-ის ფოტორეპორტიორზე ძალადობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

პუბლიკა

5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობის დროს მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ გიორგი ნიკოლიშვილისა და „TV პირველის“ ოპერატორ ლევან ბრეგვაძის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. განაჩენი გამოცხადდა ერთ-ერთი მოქალაქის ცემის საქმეზეც.

დაკავებულებს ორგანიზებული ძალადობის მუხლი გადაუკვალიფიცირდათ ძალადობის მუხლად და მათი ბრალდება შემსუბუქდა.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, 6 პირს ერთი წლით, ერთ პირს, ვანო ბურდულს კი 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.

საქმის ამ ეპიზოდზე ბრალდებულები იყვნენ: გიორგი ნიკოლიშვილის ცემის საქმეზე – ბაქარ მაისურაძე, ნიკოლოზ დადვანი, თორნიკე გაბელიანი;

ასევე ირაკლი წიგნაძე, ვანო ბურდული და დავით ქოჩიაშვილი.

5 ივლისს გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა. ექიმის თქმით, მას თავში სისხლჩაქცევა ჰქონდა, თუმცა ნეიროქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა. ფოტორეპორტიორი კლინიკაში თითქმის ერთი თვე მკურნალობდა. მძიმე დაზიანებები მიიღო ოპერატორმა, ლევან ბრეგვაძემაც.


5 ივლისს ძალადობის საქმეზე განაჩენი უკვე გამოცხადდა 3 ეპიზოდზე, მათ შორის, ლექსო ლაშქარავაზე, რატი წვერავაზე, ილიკო თვალიაშვილზე, „რადიო თავისუფლების“, „რუსთავი 2-ის“, „იმედის“, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმის საქმეებზე.

ბრალდებულები ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დამნაშავეებად მხოლოდ მოსამართლე ნინო ელეიშვილმა სცნო. ნინო ელეიშვილი TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ეპიზოდზე 6 პირის საქმეს განიხილავდა. ექვსივეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

დანარჩენ ორ პროცესზე ბრალდებულები ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლში ან გამრთლდნენ ან ბრალი გადაუკვალიფიცირდათ ძალადობისა და ჯგუფური ძალადობრივი მოქმედების მუხლით და სასჯელის ზომად ზოგს ერთი, ზოგს კი 3 წელი შეეფარდა. ერთ პირს 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

6 ივლისის საქმეზე ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე ძალადობაში ბრალდებულს 2 წელი მიესაჯა.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არც ერთი პირი არ დაუკავებია.

დაკავებულ პირებს ბრალდება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და დევნის მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი.