5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 45 ახალი შემთხვევიდან 5 ჯგუფური შემთხვევაა, მისი თქმით, თბილისში ფართომასშტაბიანი ქორწილიდან.

„საინტერესოა, რომ 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს, ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 45 ახალი შემთხვევიდან 3 არის „დონას“ კლასტერიდან, 19 კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 შემოტანილი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიით და სამზე მიმდინარეობს კვლევა ინფიცირების წყაროს და კონტაქტების მოძიების მიზნით.

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 729 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 1 321-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 45 შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.