5 მაისიდან ქუთაისსა და ბათუმში გადაადგილებაზე ყველანაირი შეზღუდვა იხსნება - გახარია

პუბლიკა

„რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ იძულებითი ღონისძიება, რომ ჩაგვეკეთა ქალაქები. ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში შეზღუდვები გადაადგილებაზე მოიხსნება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დარჩება შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში. გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან მომიჯნავე რაიონებში.

„ვფიქრობ, შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება”, – აღნიშნა გახარიამ.

მან, დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ეკონომიკის გახსნის 6-ნაწილიანი გეგმიდან ნაწილის დაწყება უფრო ადრეა შესაძლებელი, ვიდრე ეს გეგმით არის განსაზღვრული.

5 მაისიდან გახარიას თქმით, ნებადართული ხდება სამშენებლო სექტორის საქმიანობა და ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა.

„ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია უფრო ადრეულ ეტაპზე  დავიწყოთ, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ, ეფექტური იქნება, თუ თითოეული ადამიანი და კომპანია პასუხისმგებლიანად მოეკიდება მის ცხოვრებას და საქმიანობას.

მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვა, რომ ხვალიდან გავცემთ ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც სამშენებლო მანქანების წარმოებით არის დაკავებული და ყველა, ვინც დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან შეძლებენ მუშაობის განახლებას.

ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმების გუნდი გააგრძელებს შემოწმებას.

ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ბიზნესისთვის”, – განაცხადა მან.