ჰონგ-კონგში 5 მარტის შემდეგ პირველად დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა. ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, მოქალაქეებს კვლავ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ, ასევე, არასაჭირო მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი ზრდა აირიდეს. ამ დროისთვის 7-მილიონიან რეგიონში 1025 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 4 გარდაიცვალა.
როგორც The Reuters წერს, ჰონგ-კონგში სწავლა შეჩერებულია, მოქალაქეთა დიდი ნაწილი სახლიდან მუშაობს, სავაჭრო ცენტრები და კვების ობიექტები თითქმის ცარიელია, თუმცა სრული კარანტინის თავიდან არიდება შეძლეს. თითქმის ყველა ჰონგ-კონგელი ატარებს პირბადეს, საჯარო და საოფისე შენობებში მოქალაქეებს უზომავენ ტემპერატურას, ბევრგან შეგხვდებათ „სანიტაიზერების“ უფასო დისპენსერები.