5 საათია აქ ვარ და ველოდები შესვლას - სააკაშვილის პირადი ექიმი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის მე-18 სასჯელაღასრულების დაწესებულებასთანაა. ის ამბობს, რომ 5 საათია გარეთ დგას და ელოდება, როდის შეუშვებენ მიხეილ სააკაშვილთან.

„დაახლოებით 5 საათია აქ ვარ და ველოდები შესვლას. არაფერს მეუბნებიან. მითხრეს, დაიცადეთ – შეგატყობინებთ, მოიცადეთ – ახლა შეგიშვებთ, მერე კიდევ სტუმარი ჰყავსო,  მერე აღარ ჰყავს და აშ. არაფერი არ ვიცი. ქუჩაში ვდგევარ, გავიყინე, მაგრამ ველოდები.  ავადმყოფია და ავადმყოფი უნდა ვახო, კიდევ ვიქნები, აბა რა უნდა ვქნა. ალბათ შევალ, “- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

დღეს საღამოს მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები იმყოფებოდნენ. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

განახლება: ნიკოლოზ ყოფშიძის ამ კომენტარის შემდეგ გლდანის საპატიმროს შენობიდან გამოვიდა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომელმაც განაცხადა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არ ატოვებინებდნენ შენობას. როგორც ის ამბობს, მიზეზი გაურკვეველია და არ იცის რატომ დააყოვნეს შენობაში. თინა ბოკუჩავას თქმით, მან მალევე დაასრულა ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა მაინც არ უშვებნენ შენობიდან. თინა ბოკუჩავა სანამ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს შეატყობინეს, რომ ის დღეს ვერ ნახავდა მიხეილ სააკაშვილს და ხვალ შეუძლია მოვიდეს. ამის შესახებ ნიკოლოზ ყოფშიძემ ჟურნალისტებს უთხრა.