პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს 5 ივნისს Tbilisi Pride-ის მიერ დაანონსებულ „ღირსების მარშზე“.
„ადამიანების გარკვეულ ჯგუფს უნდა ქუჩაში ერთად გავლა და ამით რაღაც სათქმელის თქმა. მათ არ აძლევენ ამის უფლებას და ემუქრებიან, რომ ფიზიკურად გაუსწორდებიან. რამდენიმე წლის წინ მსგავსი მუქარა სისრულეში მოიყვანეს და ტაბურეტკები გადაამტვრიეს თავზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ითხოვენ ეს ადამიანები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა შეიძლება მოითხოვონ მომავალში.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დღის წესრიგი აქვთ დასავლეთში ლგბტ ჯგუფებს, ეთანხმები ამ დღის წესრიგს თუ არა. ადამიანებს უნდათ ქუჩაში გავლა, ამით რაღაცის თქმა და ამის გამო მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ესაა აქ მთავარი. თუ პირადი უსაფრთხოების ან პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან საკუთარ სოციუმთან დისკომფორტის არ შექმნის გამო არ გინდა ამის დანახვა, მხარის არ დაჭერის მიზეზს ყოველთვის იპოვი.
სულ ტყუილად გგონიათ რომ თქვენი გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და გარანტირებული ამ ქვეყანაში. დღეს გადაჯეგავენ ერთს, ხვალ გადაჯეგავენ ვისაც გაუსწორდებათ. 5-ში თუ გადიხარ, ამას სხვებისთვის არ აკეთებ – საკუთარი თავისთვის აკეთებ“, – წერს ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე.
Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს, „ღირსების მარში“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“ მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.