ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, მოუცლელო ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი - „ქართლის“ მცხოვრებლები

პუბლიკა

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებლებმა მედიასთან 16 იანვარს მომხდარ ტრაგედიასთან და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„სამწუხაროა, რომ დევნილების ხმა მხოლოდ ტრაგედიების ფონზე ისმის და ძალიან უხერხულია, აქ რომ ვსხედვართ და ვსაუბრობთ მაშინ, როცა გუშინ ადამიანი გარდაიცვალა და აქვე გვერდით ასვენია. სამარცხვინოა ის პათოსი და აგორებული ნარატივი, რომელსაც გუშინდლის შემდეგ ვაწყდებით.

ჯერ კიდევ დილით, როდესაც პრესკონფერენციას ვგეგმავდით, გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო მცდელობა ტრაგედიის ნამდვილი მიზეზის სხვადასხვა საკითხით გადაფარვის. ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. უწყება პასუხისმგებლობას ისევ არ იღებს და როგორც ჩანს, არც აპირებს.

რაც უნდა ვგლოვობდეთ დღეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, ვდგავართ აქ. ბატონო მინისტრო, ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით. ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავს გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით.

გამოითქვა ვარაუდი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, ნივთიერებების მოხმარების, კონფლიქტის… ველოდებით, შესაძლოა, სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზონ. ეს არის მცდელობა, სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის.

კორელაცია სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად არსებობს კავშირი სუიციდსა სასოწარკვეთას შორის. სამწუხაროა, რომ 3 ათწლეულის განმავლობაში დევნილთა საკითხები არ გახდა სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტი და დღესაც, ამ ტრაგედიის ფონზე, მაშინ, როცა ყველა თავდახრილი უნდა დავდიოდეთ, როცა მინიმუმ სინდისი უნდა გვაწუხებდეს საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებდეთ, რას ვაკეთებთ? რა განცხადებებს ავრცელებს უწყება, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დევნილთა კეთილდღეობა?

გუშინ ფიზიკურად იცავდა მოსახლეობა მიცვალებულს, სწორედ იმიტომ, რომ მისი სახელი ლაფში არ ამოესვარათ, რის მაგალითიც არაერთი გვინახავს.

ჩვენ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები დავიცავთ ჩვენი მეზობლის, ჩვენთვის შეწირული ბატონი ზურის არამარტო ცხედარს, არამედ – სახელსაც. სრულიად სამარცხვინო და ამორალურია გავრცელებული განცხადებები, ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, მოუცლელო ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი.

არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია აგვერიდებინა და არცერთი ნაბიჯი არ იდგმება დღეს პროაქტიულად, რომ სხვა ოჯახები იყვნენ დაცული. რახანია ვიბრძვით, ვცდილობთ კომუნიკაციას, ჩვენთვის კი არავის სცალია.

29 წელია, ვცხოვრობთ ამ პირობებში. დავკარგეთ ქონება, სახლი, მშვიდი ცხოვრების უფლება, დავკარგეთ განვითარების პერსპექტივა. ვითხოვთ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულებას. ვითხოვთ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მოყენებული ზარალის ანაზღაურებას, ვითხოვთ ადამიანურ, უსაფრთხო პირობებს.

ჩემს სიტყვას ბატონი ზურის სიტყვებით დავასრულებ: „იქნებ თქვენ მაინც გეშველოთ“. ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ეწირებოდეს უჩინარი ადამიანების ხმის გაჟღერებას და გთხოვთ ყველას, გაუფრთხილდით გარდაცვლილი ადამიანის სახელს და მისი ოჯახის წევრებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, თამარ საუთიევამ.

სანატორიუმში მცხოვრებლებს ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველი შეხვდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, 16 იანვარს სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი პროტესტის ნიშნად საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

სანატორიუმის ბინადარი დევნილები რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, ვინაიდან, მათი თქმით,  შენობა ავარიული და იქ ცხოვრება სახიფათოა.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიების პირველადი ვერსიით, ეს კაცის გარდაცვალება უბედური შემთხვევაა და არ უკავშირდება დევნილების პრობლემას.