გავბედე და უკრაინაში დაბრუნებაზე ვკითხე, რისხვა მივიღე - შენ მე ვინ გგონივარო? – ალასანია სააკაშვილზე

პუბლიკა

„ინტერესის გათვალისწინებით გავბედე და ვკითხე, უკრაინაში დაბუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა, მითხრა, შენ მე ვინ გგონივარ, აქ, ჩემს ქვეყანაში რისთვის ჩამოვედი, რომ კიდევ სადღაც წავიდეო? მოკლედ, ჩემგან ეს ძალიან არ მოეწონა“, – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან განუცხადა, სადაც შვილი მოინახულა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც გიული ალსანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მესამე პრეზიდენტს ხშირად აწუხებს თავის ტკივილი, აქვს უძილობა და „კუნთების საშინელი ტკივილი“.

„ეს სიმპტომები არის ნევროლოგიური სიმპტომები. ეს ყველაფერი აქვს. ასევე, მე რაც დავინახე არის ის, რომ მაინც ურჩევნია იწვეს. დაჯდება სკამზე და ცოტა ხნის შემდეგ ისევ მიდის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

დაესწრება თუ არა მესამე პრეზიდენტი ჩანიშნილ სასამართლო სხდომებს, როგორც ალასანიამ აღნიშნა, ამ საკითხზე საერთოდ არ უსაუბრიათ.

„მივმართავდი [ხელისუფლებას], რომ გაუშვან. ვერ გავიგე, რისთვის, რატომ ჰყავთ გამოკეტილი, რომელი დანაშაულისთვის? არცერთი დანაშაული არ არის დანაშაული, გამოგონილია ეს ყველაფერი. ჩემზე კარგად მათ იციან. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? მე რომ მკითხოთ, ეს ადამიანი საერთოდ თავისუფალი უნდა იყოს“, – განაცხადა გიული ალსანიამ.