შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბიზნესობიექტების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა.
„შრომის ინსპექციამ შეამოწმა 138 ობიექტი, რომელთაგან 90 ობიექტზე, პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო 48 ობიექტზე დადგინდა, რომ მუშაობდნენ პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად“, – აღნიშნა ფერაძემ.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ზოგადი მონიტორინგის შესახებაც ისაუბრა, რომელიც წარმოებდა 2020 წლის 28 ნოემბრიდან – მას შემდგომ, რაც შეზღუდვები დაწესდა.
„ჯამში შემოწმებულია, სხვადასხვა უწყების ჩართულობით, 50 433 ობიექტი, რომელთაგან 28 392 ობიექტის მიმართ გაიცა სარეკომენდაციო ხასიათის გაფრთხილება/ინსპექტირება. 6 018 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა. რეკომენდაციების შესრულებაზე დეტალურად გადამოწმდა დაახლოებით 1000-მდე ობიექტი. დაჯარიმდა 49 ობიექტი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე ინფორმაციით, სულ, განმეორებითი ინსპექტირება 15 086 ობიექტს ჩაუტარდა და დადგინდა, რომ განმეორებითი ისნპექტირების შესაბამისად, ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
„ასევე, ახალი პორტალის [labour.moh.gov.ge] შესაბამისად, უკვე 1 თებერვლიდან დაანონსებულია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და სიახლე, რაც ამ ნაწილში შემოდის, ეს არის თანამშრომელთა გეგმური და სავალდებულო ტესტირება. სულ, დარეგისტრირებულია და 1 თებერვლიდან პირველ ეტაპზეა სავაჭრო მოლები და მაღაზიები, ტერიტორიაზე 30 და მეტი დასაქმებულით. დარეგისტრირებულია 43 სავაჭრო მოლი, რომელთაგან, გუშინდელი მონაცემებით, 13 აკმაყოფილებს მოთხოვნებს და მათ გატესტეს ის 20% თანამშრომლების, რაც მოეთხოვებოდათ. ამიტომ, 1 თებერვლიდან სრულად განაახლებენ ამ სამუშაო პროცესს. თუმცა ეს არის გასული დღის მონაცემებით. ისინი ყოველდღიურად იცვლება და გვაქვს მოლოდინი, რომ 1 თებერვლისთვის მათი აბსოლუტური უმრავლესობა მზად შეხვდება ამ პროცესს“, – აღნიშნავს ბექა ფერაძე.
მისივე თქმით, ახალ პორტალზე დარეგისტრირებულია 21 ბაზარი, რომელთაგან 2 მათგანი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, თუმცა მათ 15 თებერვლამდე აქვთ მოთხოვნილი ვადა იმისათვის, რომ დაარეგისტრირონ თანამშრომლები და შემდგომში უკვე უზრუნველყონ გატესტვა.
ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ საცალო-საბითუმო ტიპის ობიექტიდან, რომელსაც 30 და მეტი დასაქმებული ჰყავს, დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 24, რომელთაგან 3 აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
„ასევე, დაიწყო რეგისტრაცია საგანმანათლებლო მიმართულებით, ანუ სკოლები რეგისტრირდებიან და ისინიც უკვე 1 თებერვლიდან იქნებიან მზად გატესტვის მიმართულებით იქ, სადაც საგანმანათლებლო პროცესი განახლებულია. ამაზე დამატებით კომენტარს გააკეთებს განათლების სამინისტრო“, – განაცხადა ფერაძემ.