6-მა პრორუსმა ევროპარლამენტარმა „ოცნების" მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი მოამზადა

პუბლიკა

6-მა ულტრამემარჯვენე, პრორუსმა ევროპარლამენტარმა„ოცნების” მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი მოამზადა. 2024 წლის მოწვევის ევროპარლამენტში 720 დეპუტატია.

კერძოდ, რეზოლუციის ტექსტი მომზადებულია პოლიტიკური ჯგუფის „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) შემდეგი წევრების მიერ: ჰანს ნოიჰოფი, ალექსანდრ სელი, პეტრ ბისტრონი, ტომაშ ფროელიხი, პეტარ ვოლგინი, სტანისლავ სტოიანოვი.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ:

გმობენ ევროკავშირის უარს, აღიაროს „ოცნების” ლეგიტიმაცია; რომ საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევანი მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა და ის უნდა იყოს თავისუფალი გარე იძულებისა და ზეწოლისაგან; ევროკავშირს მოუწოდებს „ოცნების” მთავრობასთან დიალოგისკენ და აფრთხილებს მას, რომ ევროკავშირის მუდმივმა ჩარევამ საქართველოს საშინაო საქმეებში შეიძლება გააძლიეროს ძლიერი ანტიევროკავშირის განწყობები ქართულ საზოგადოებაში;

ESN-ის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტიდან არც ერთი პუნტი არ მოხვდა ევროპარლამენტის 7 პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციაში, რომელსაც კენჭი დღეს ეყრება და რომლითაც ევროპარლამენტარები ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს.

„ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ არ აქვს იმედი, რომ ეს „პროქართული რეზოლუცია მხარდაჭერას მოიპოვებს”, „ვინაიდან იქ კვლავ „დიფ სთეითი“ მძლავრობს, თუმცა ფაქტი, თავისთავად, საინტერესო და მნიშვნელოვანია

„სუვერენულ ერთა ევროპა“ (ESN) 25 დეპუტატისგან შედგება და ყველაზე პატარა პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში. ის 2024 წლის 10 ივლისს ჩამოყალიბდა.

ESN რვა პოლიტიკური პარტიას აერთიანებს, მათგან ყველაზე დიდია ულტრამემარჯვენე, პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD).

იმ 6 ადამიანიდან, რომელიც „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ტექსტის ავტორია, ოთხი: ჰანს ნოიჰოფი, ალექსანდრ სელი, პეტრ ბისტრონი, ტომაშ ფროელიხი სწორედ გერმანული AfD-ის წევრია, ხოლო პეტარ ვოლგინი და სტანისლავ სტოიანოვი – ასევე ულტრამემარჯვენე და პრო-პუტინური ბულგარული პარტია Revival-ის („აღორძინება”) წევრები.

გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია AfD გამოირჩევა ევროსკეპტიკური, ნაციონალისტური, ისლამოფობიური და პრორუსული პოზიციებით.

პარტია მუდმივად ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, აკრიტიკებს გერმანიის მხარდაჭერას უკრაინისადმი და ეხმიანებოდა კრემლის ნარატივებს, რომლის თანახმადაც, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი NATO-ს და დასავლეთის ბრალია.

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Bloomsbury Intelligence and Security Institute (BISI)-ის მოკვლევის თანახმად, გამოძიებებმა გამოავლინა ფინანსური კავშირები AfD-ის მაღალჩინოსნებსა და რუს სპეცსამსახურებს შორის.

ასევე, AfD-ის წევრი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი შტეფან კეუტერი 2019 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა „კერძო პირის სტატუსით”. ის არის „ყირიმის მეგობართა ჯგუფის” წევრი.

ხოლო ბულგარული პარტია Revival, რომლის წევრებიც ასევე არიან „ქართული ოცნების” მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის ავტორები, პოზიციონირებს, როგორც „ერთადერთი პატრიოტული პარტია” ბულგარეთში. მისი წევრები, რუსული პროპაგანდისტული ნარატივების შესაბამისად, გამოირჩევიან NATO-ს საწინააღმდეგო რიტორიკით, პოპულიზმით, დეზინფორმაციით და ქსენოფობიით.