ამ წუთებში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებსა და პოლიტიკოსებს საქართველოს დიდ ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობების შესასვლელები მანქანებით აქვთ ჩახერგილი. საუბარია 6 ქალაქზე – თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და თელავი.
გორში სუსის შენობის შესასვლელი ჩახერგილი აქვს ბადრი გრიგალაშვილს, თბილისში – ზურა ჯაფარიძეს, ბათუმში – თემურ გორგაძეს, ქუთაისში – იმედა კლდიაშვილს, რუსთავში – ირაკლი კუკანიას და თელავში – ტორესა მოსს.
„დაუმორჩილებლობის აქტის“ მონაწილეთა მოთხოვნაა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, 2%-იანი ბარიერი , რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე და სახელმწიფოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.
აღსანიშნავია, რომ იმავე დაუმორჩილებლობის აქტის განხორციელებისას 1-ელ ნოემბერს იმედა კლდიაშვილი ძალის გამოყენებით დააკავეს. ის სუსის შესასვლელთან იყო მანქანით გაჩერებული და ამ ფორმით აპროტესტებდა ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრ იზა ჩირგაძეზე ზეწოლას.