ვიდეო | ქუთაისში, სუს-ის შენობასთან „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ვიცე-მერობის კანდიდატი დააკავეს

პუბლიკა

ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, იმედა კლდიაშვილი ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გაჩერებული მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს.

ვიდეოში ჩანს, როგორ აღებენ სამართალდამცველები კლდიაშვილის მანქანის კარს და როგორ ცდილობენ მის გადმოყვანას. კლდიაშვილი კი მათ მიმართავს, რომ არ ემორჩილება ამ მოთხოვნას და არ გადავა მანქანიდან. ამის შემდეგ იმედა კლდიაშვილი პოლიციელებმა მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და ხელბორკილი დაადეს.

იმედა კლდიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელთან იყო მანქანით გაჩერებული და ამ ფორმით აპროტესტებდა ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრ იზა ჩირგაძეზე ზეწოლას.

ფეისბუქის პირდაპირ ეთერში კლდიაშვილი აცხადებდა, რომ ასრულებდა დაუმორჩილებლობის აქტს და არ დაემორჩილებოდა წესს.

„ერთი კაცი ვაკეთებ აქციას. ვპარკინგდები ქუთაისში სუს-ის შენობის წინ, პირდაპირ სუსის შესასვლელ კიბეებთან. აქედან მანქანას არ დავძრავ მანამ, სანამ არ მივიღებ პასუხს რაღაც შეკითხვებზე: 1. რატომ აყალბებენ; 2. რატომ გააჩერეს ეს ქალბატონი და რატომ არ შეახვედრეს ევროკავშირის დამკვირვებლებს და მოაყოლონ ამ ქალბატონს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რაც ჩაიდინა სუსმა, ცესკოს წევრებმა და „ოცნების“ კოორდინატორმა.

ხელს შევუშლი სუსში შესვლას. არის კიბეები და არის შემოსავლელი გზა. კიბეებიდან შევეცდები, არ შევიდეს სუსის თანამშრომელი შენობაში. აქ დგომა აკრძალულია, ეს იქნება ჩემი დაუმორჩილებლობა, არ ვემორჩილები ამ წესს. თუ უნდა გადამაყენონ, რაც უნდა, ის ქნან“, – აცხადებდა კლდიაშვილი ვიდეოში.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ იმედა კლდიაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ქუთაისის 90-ე უბნის საარჩევნო კომისიის წევრი იზა ჩირგაძე აცხადებს, რომ „ოცნების“ წარმომადგენელი მას გაყალბებაში მონაწილეობას აიძულებდა.

„მაძალებდა ქალბატონი ინგა, წარმომადგენელია „ოცნების“. დამირეკა, რომ ვინც შემოვა, გაატარეო. არც ერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო ასეთი – სხვა ადამიანი სხვა პირადობით შემოდიოდა და გავუშვი ყველა უკან. ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთე. არაფერი დამიშავებია“. – განაცხადა 90-ე უბნის კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც „ოცნების“ წარმომადგენლებს ასევე ძალადობაში, შანტაჟსა და იძულებაში ადანაშაულებს.

LB loan image desktop LB loan image mobile