ირაკლი კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესს ევროკავშირთან ურთიერთობას ადარებს და ამბობს, რომ შესაძლოა, საშუალო რგოლი რუსეთშიც „დიფ სტეითის“ მოსყიდული იყოს.
„მივესალმები სპეცწარმომადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭვირვალობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ როცა საუბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, ჩვენ მათ ღია და გამჭვირვალე პროცესს ვთავაზობთ. საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს ნებისმიერი მოლაპარაკების შინაარსის თაობაზე და ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც.
რაც შეეხება ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას, მე მას, ბუნებრივია, ვიზიარებ. ჩვენი მოლოდინი ღვინის საკითხზე იყო ის, რომ ეს პრობლემა უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა: ღვინის ხარისხი, ამასთან ერთად უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და მესამე – რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში ეს სამივე პუნქტი აბსურდია.
შესაბამისად, ამ კომპანიების სანქცირების საბაბი აბსურდულია. ჩვენი მოლოდინი, მოლაპარაკებების საფუძველზე, ამ სიის სრული ანულირება იყო, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ რა – რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს სიას და გარკვეული კომპანიები ამოვიდეს სიიდან, რაც არასწორი დამოკიდებულებაა. თვითონ ამ სიის შედგენაც არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება იყო და, ბუნებრივია, ეს ახალი მიდგომაც იგივე შეფასების საგანია, რაც ჩვენთვის გასაოცარია.
რაც შეეხება ზოგადად შეფასებას და დამოკიდებულებას: ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ იქ არის „დიფ სტეითის“ მოსყიდული ბიუროკრატია, რომელიც იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ევროპის ინტერესებს.
კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებთ, ეს არის უარგუმენტო საუბარი და ქმედებების უარგუმენტოდ განხორციელება, მათ შორის – საქართველოს წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, იგივე ტენდენციას ვხედავთ ამ მოლაპარაკებებშიც. აქაც ძალიან მარტივია: „დიფ სტეითს“ აქვს საკმაოდ დიდი გავლენები და შეიძლება აქაც იყოს მოსყიდული საშუალო რგოლი.
შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად შესაძლებელი მგონია.
დიალოგი საჭიროა და ამაზე საუბრობდა სპეცწარმომადგენელი“. – განაცხადა ირაკლი კოაბახიძემ.
19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი და სერგეი ლავროვის მოადგილე, მიხეილ გალუზინი შეხვდნენ. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ისინი „ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტების გაძლიერებაზე“ შეთანხმდნენ. მათივე თქმით, შეხვედრა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა.
გალუზინმა რუსული მედიისთვის 22 ნოემბერს მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია.
მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პირველ მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრის შემდეგ გიორგი ზურაბაშვილმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა შეხვედრის შინაარსზე.
ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი და მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილეა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს მხარისთვის „მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება“. ზურაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა რამდენიმე ტექნიკური საკითხი…“, – თუმცა ამ საკითხების შინაარსი არ დაუკონკრეტებია