„საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებული სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე, ამ მომენტისთვის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევებზე არ ვრცელდება”, – ამბობს იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
ის ამბობს, რომ დღეს მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ასევე იურიდიული პირის პასუხისმგებლობას. [ანუ ის სანქციები, რაც დაწესებულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტით].
მისი თქმით, ეს ნორმა მეტად არ გამკაცრდება არსებული მდგომარეობის ფარგლებში.
„ნორმები, რაც დღეს მივიღეთ აწესრიგებენ სამომავლო ურთიერთობებს და სასჯელის ნაწილშიც სრულად პროპორციულია, ამ საკითხებზე კი მეტ ინფორმაციას ხვალ მოგაწვდით!”, – წერს ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.
კერძოდ, იზოლაციის/ კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
რაც შეეხება განმეორებით შემთხვევებს, აქაც ქმედება უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი. იურიდიული პირი კი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
ეს სანქცია ვრცელდება ასევე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევაზეც, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.