63% ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“(TI) აქვეყნებს საქართველოში კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია. გამოკითხვა საქართველოს ქართულენოვან მოსახლეობაში ჩატარდა. TI-ის ანგარიშში წარმოდგენილი კვლევა საქართველოს წარმომადგენლობითია.

TI წერს, რომ „საქართველოში კვლავ იშვიათია წვრილმანი კორუფცია, თუმცა გამოწვევად რჩება კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები და კორუფციის ისეთი შემთხვევების გამოძიება, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ.“

წვრილმანი კორუფცია

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.

კორუფციის კომპლექსური ფორმები

– მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის სხვა გამოვლინებები. გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 3% ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის გავრცელებული, 20% ფიქრობს, რომ უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია, 47% ფიქრობს, რომ უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული, 16% – ძალიან გავრცელებულია, უარი/არ ვიცი – 14%.

– ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს, ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება (92%), საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (90%), ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (81%), სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (60%).

– გამოკითხულთა უმრავლესობა (57%) ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.

რეაგირება კორუფციის შემთხვევებზე

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

კორუფციული დანაშაულის გახსნის დაბალ მაჩვენებელზე ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2015-2017 წლებში დაფიქსირებული 1,740 კორუფციული საქმიდან მხოლოდ 12% გაიხსნა.

კორუფციული საქმეების გახსნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პროკურატურას აქვს. 2015-2017 წლებში პროკურატურაში შესული 1,273 საქმიდან  მხოლოდ 47 – 3.7% გაიხსნა.

გამოკითხულთა 41% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 37% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს.

დასაქმება საჯარო სამსახურში

გამოკითხულთა აზრით, ნაცნობობა საჯარო სამსახურში დასაქმების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას და ინფოგრაფიკას გაეცანით ბმულზე.