7-8 მარტის აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა - შსს

პუბლიკა

შსს-ს განცხადებით, 7-8 მარტის აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.

დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება.

ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

პატიმრობაში რჩება სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებული 1 პირი.

შსს-ს ცნობით, 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირი იყო დაკავებული.

ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევაში  სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარადგინონ პირი სასამართლოში. 24-საათიანი ვადის გასვლის შემდგომ, მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ უფლებამოსილება, წერილობითი დასაბუთების შემთხვევაში დაკავების ვადა გაახანგრძლივონ არაუმეტეს 24 საათით. ამის შემდეგ ისინი ვალდებულები არიან, პირი გაათავისუფლონ.

აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამი არ არის, რომ გათავისუფლებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა. მოსალოდნელია, რომ სასამართლო პროცესები გაიმართება.