ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პირია, რომელთაგან სამი ახალი პაციენტია. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, სამი ახალ პაციენტის წყარო კლინიკისთვის ცნობილია. ინფიცირებულებს ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედოთ და ისინი უკვე გადიან მკურნალობას.
„დღეს ბოქსირებულ სექტორში 41 პაციენტი მკურნალობს, დადასტურებული დიაგნოზით სულ 13 პაციენტია. 3 ახალი პაციენტია. 6 პაციენტი 18-წლამდეა. ექვსივეს მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი რჩება შედარებით საყურადღებო. 41 პაციენტიდან 4 პაციენტი ჩაერთვება კვლევაში და ხვალ გვექნება პასუხები. მეორე განმეორებითი კვლევის გამოჯანმრთელების შედეგი არ გვაქვს. ყველა პაციენტის კლასტერი ცნობილია. ყველა ახალი პაციენტის ოჯახის წევრი უკვე მკურნალობს აღნიშნული დიაგნოზით და, რა თქმა უნდა, ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. პაციენტების ოჯახის წევრები ჩვენთან არ იმყოფებიან. სამივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია. მდგომარეობა სტაბილურია. ზოგადად კრიტიკული პაციენტი არცერთი არაა, ერთი რჩება საყურადღებო. ბოლო სამი ცნობილი კლასტერიდან არიან”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.